Sunday, 18 November 2018

რა წავაკითხოთ ბავშვებს

 ერთმა ჩემმა მეგობარმა მკითხა, 8 წლის გოგონას წასაკითხად რა მივცეო. ხანდახან ასეთ კითხვაზე ვერაფერს ვპასუხობ, ყველა ნაწარმოები უბრალოდ ამოცვივა თავიდან და არაფერი მახსენდება. გუშინ კი საოცარი მობილიზაციით ვორდის დოკუმენტი სახელდახელოდ შევადგინე და იმდენად მომეწონა, რომ გადავწვიტე, ჩემს მკითხველსაც გავუზიარებ-მეთქი.
ხშირად გამიგია, რომ დღევანდელ ბავშვებს წიგნების კითხვა აღარ უყვართ. ურთულესია, რომ ბავშვს წიგნი წააკითხო. პატარა გაჯეტომანები თავიანთ ციფრულ მოწყობილობებში არიან ჩაფლულები, თუმცა ზუსტად ეს მოწყობილება შესაძლებელია გამოვიყენოთ იმისთვის, რომ კითხვა შევაყვაროთ. ჯობია თუ არა წიგნის ჩემი ბავშვობისეული ფორმატი, და როგორც ზოგმა იცის აღნიშვნა – წიგნთან შეხება სხვანაირად საინტერესო და მნიშვნელოვანი პროცესიაო, არავინ იცის. საქმე ახალ თაობასთან გავქვს, რომელთა მართვა საკმაოდ რთულია იმ მეთოდებით, რითაც ჩვენ ვიმართებოდით. თვისებრივად განსხვავებულ თაობას თვისებრივად განსხვავებული მიდგომა სჭირდება – ზოგმა მშობელმა გამოსავალი იპოვა და მხატვრული ნაწარმოებს ფაილებად უტვირთავს ქინდლში, ლეპტოპის თუ პლანშეტის ეკრანზე “უხსნის” და ა.შ. ამგვარმა ქცევამ გაამართლა – სწორედაც ისე უნდა ვეკონტაქტოთ digital native-ებს, ანუ ციფრული ერის მკვიდრებს, როგორც მათ ესმით. მიუხედავად იმისა რომ ჩვენ, და მათ შორის მეც, ეს ნაკლებად მაქვს გაჩემისებული და ძვალ-რბილში გადაშლილი წიგნის კითხვა მაქვს გამჯდარი.
იმისთვის, რომ ბავშვმა სიამოვნებით წაიკითხოს ნაწარმოები, განსაკუთრებით კი იმ შემთხვევაში, თუ დიდად არ იზიდავს ეს საქმე, ისე უნდა შევარჩიოთ, რომ მისი სურვილები, ოცნებები და ხასიათი გავითვალისწინოთ. თუ ბავშვობაში ჯეკ ლონდონის “ზღვის მგელმა” მოგხიბლათ, და ფიქრობთ, რომ თქვენი გოგონა მას სიამოვნებით წაიკითხავს, დაფიქრდით, რა უფრო მოსწონს მას, კონკია თუ პოკაჰონტასი, თოჯინებით თამაში უფრო იზიდავს თუ ბიჭებთან ერთად თამაში, და მხოლოდ ამის შემდეგ ურჩიეთ ამ ნაწარმოების წაკითხვა. ბიჭს, რომელსაც ომობანას თამაში მოსწონს, ეხმალავება თავის მეგობრებს და ახალი წლის საჩუქრად ლაზერულ ხმალს გთხოვთ “ვარსკვლავური ომებიდან”, მაინცდამაინც ლინდგრენის “ლიონებერგელი ემილის თავგადასავალს” ნუ წააკითხებთ. ჯეკ ლონდონის სათავგადასავლო ნაწარმოებები, ასევე სტივენსონის “განძთა კუნძული”, მარკ ტვენის “ტომ სოიერი” და “ჰეკლბერი ფინის თავგადასავალი” სწორედ მას უფრო მოეწონება. არ გეგონოთ, რომ გენდერულ დისკრიმინაციის ოდნავ მაინც ვემხრობოდე, უბრალოდ მხატვრული ნაწარმოებების კითხვის შეყვარების ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია, ბავშვმა მოახდინოს თავის თავის მთავარ გმირთან ანუ პროტაგონისტთან იდენტიფიკაცია და გაავლოს პარალელები გმირისა და საკუთარ ოცნებებს, ცხოვრებას, მოსაზრებებსა და ქცევებს შორის. ყველაზე მნიშვნელოვანი სწორედ ეს არის – ბავშვმა უნდა შეიყვაროს, გაითავისოს პროტაგონისტი. საბავშვო წიგნების კარგი “თვისება” ისაა, რომ მათ ყოველთვის კარგი დასასრული აქვთ. ბავშვს მოსწონს საყვარელი გმირის წარმატებები, გამარჯვება და ამბის ბედნიერი დასასრული.
რეალურად, ადაპტირებული ზღაპრები, სადაც არც ხალხური ზღაპრისთვის დამახასიათებელი სისასტიკეა, და არც ანდერსენისეული დრამატიზმი, ასევე მოკლე საბავშვო მოთხრობები კითხვის დაწყებისათვის ყველაზე კარგია, ბავშვს წააკითხეთ ხმამაღლა, შიგადაშიგ ხალისიანი კომენტარი გააკეთეთ, რომ ბავშვს ეზოში მოთამაშე თანატოლების ჟრიამულისკენ არ მიუწევდეს გული, კითხვა მოსაწყენი საქმიანობა არ ეგონოს და თქვენ კი მტანჯველი მშობელი, რომელმაც ეზოში ან ტელეფონში თამაშის ნაცვლად წიგნი დააჭერინეთ ხელში და აკითხებთ. ამის შემდეგ, შეგიძლიათ ნელნელა უფრო დიდტანიან ნაწარმოებებზე გადახვიდეთ.
ჩემი უსაყვარლესი საბავშვო მწერალი ასტრიდ ლინდგრენია. დღესაც სიამოვნებით კითხულობ – ლინდგრენის ხალასი, ბავშვური ენერგიით გადმოცემული ამბები ახლაც მხიბლავს. კარგი ამბავია ისიც, რომ ქართულადაც საკმაოდ კარგადაა ნათარგმნი, კარგად იკითხება, მეცნიერული თვალსაზრისით კი ვერ გეტყვით – არ შემიდარებია. თამამად შეგიძლიათ ასტრიდ ლინდგრენი წააკითხოთ ბავშვს, თუმცა მანამდე რა თქმა უნდა ზღაპრები, ჩიპოლინოს თავგადასავალი, ვინი ფუუჰი და სხვადასხვა საბავშვო მოთხრობა წაკითხული უნდა ჰქონდეს.
ასტრიდ ლინდგრენის ნაწარმოებები:
1. ბიულერბიუელი ბავშვები – განსაკუთრებით 8-10 წლის გოგონებს მოეწონებათ – მთავარი გმირი ხომ მათი ტოლია, პირველ პირში “წერს”, თავები მოკლეა. გოგონებს უბრალოდ უყვართ ეს წიგნი!
2. პეპი გრძელიწინდა – ცელქი ბავშვების საუკეთესო მეგობარი პეპი, რომელიც მშობლებთან ერთად არ ცხოვრობს. როგორ უნდათ ასეთ პატარებს, რომ მშობლებმა თავისუფლება მისცენ – ჭამონ კანფეტები გასკდომამდე, მთელი დღე ითამაშონ, არ ჭამონ საჭმელი, არ დაიბანონ ხელ-პირი
3. ჩვენც სალტკროკელები ვართ – ყველასთვის საყვარელი ზაფხულის არდადეგები ქალაქგარეთ. გახსოვთ პელე როგორ ითვლის დღეებს? სავარცხელს თითო ღერს ატეხავს და 19 ივლისს დაღონდება, რომ ზაფხულის ნახევარი გასულა.
4. ყაჩაღის ასული რონია – თავგადასავლების მოყვარული გოგონებისა და ბიჭების საუკეთესო საკითხავი – რონიასთან თავის გაიგივება და მისნაირი თავგადასავლები ვის არ უნდა!
5. ლიონებერგელი ემილის თავგადასავალი – ემილის სასაცილო თავგადასავლებზე სიამოვნებით იხითხითებენ გოგონები და ბიჭები.
6. სახურავის ბინადარი კარლსონი – არა მგონია, არსებობდეს ბავშვი, რომელსაც ასეთ მეგობარზე არ ეოცნებოს. თან მურაბიანი კოვზის გალოკვაც არ მოესურვოს კითხვის დროს. შეამოწმეთ წიგნის ფურცლები – ხომ არ გატკბილიანდა მურაბის სიროფით?
რობერტ ლუის სტივენსონის “განძთა კუნძულის” და “შავი ისრის” სუნთქვაშემკვრელი თავგადასავლები არა მხოლოდ დააინტერესებთ პატარა მკითხველებს, არამედ კანფეტის ჭამასაც კი დაავიწყებთ. 10 წლის ბავშვს შესაძლებელია ეს ნაწარმოები მივცეთ, ოღონდ მანამდე არაერთი რამ უნდა ჰქონდეს წაკითხული.
ასევეა ჟიულ ვერნი. ოღონდ მაინცდამაინც “კაპიტან გრანტის შვილებით” ნუ დააწყებინებთ ბავშვს მის გაცნობას – ბუნების აღწერების ნაწილსაც გადაახტება და ვერნსაც ვერ დააფასებს. “80 დღე დედამიწის გარშემო”, “საიდუმლო კუნძული” და “80 000 კილომეტრი წყალქვეშ” წააკითხეთ და მალევე კაპიტანი ნემო, მისტერ ფოგი და პასპარტუ მათი საყვარელი პერსონაჟები გახდებიან.
ალექსანდრე დიუმას “სამი მუშკეტერი” ყველა დროის საუკეთესო სათავგადასავლო ნაწარმოებია, მაგრამ ბავშვს სჯობია ჯერ “გრაფი მონტე კრისტოს” სუნთვაშემკვრელი და საინტერესო თავგადასავალი გააცნოთ, ხოლო შემდეგ მისცეთ “სამი მუშკეტერი”, რომელსაც უკვე “ოცი წლის შემდეგ” და “10 წლის შემდეგ” მოჰყვება.
“თეთრი თათმანი”, “ოცეოლა – სემიონელების ბელადი”, “უთავო მხედარი”, “თეთრი ბელადი” – ამერიკელი მწერლის თომას მაინ რიდის ამ სათავგადასავლო ნაწარმოებებს ბავშვები დიდი ინტერესით კითხულობენ. ძირითადად ბიჭებს, ასევე ნაოსნობით გატაცებულ გოგონებს მოსწონს “პატარა ზღვის მგელი” და “ოკეანეში დაკარგულები”.
დანიელ დეფოს “რობინზონის თავგადასავალიც” დიდი პოპულარობით უნდა სარგებლობდეს პატარა ფანტაზიორების წრეებში.
მარკ ტვენის “ტომ სოიერი”, ჰეკლბერი ფინის თავგადასავალი” ტრადიციულად ძირითადად ბიჭებს უფრო მოსწონდათ. ეს არ ნიშნავს რომ გოგონები სიამოვნებით არ კითხულობდნენ, უბრალოდ ბიჭები უფრო ახდენდნენ პერსონაჟებთან თავის გაიგივებას, როგორც გოგონები პეპი გრძელიწინდასა და რონისათან. სწორედ ამიტომ, მარკ ტვენის ნაწარმოებებიდან გოგონებს ჯერ “უფლისწული და მათხოვარი” შეიძლება წააკითხოთ, და შემდეგ გეიცნონ ცელქი ტომი და ჰეკლბერი ფინი.
გოგონებს ძალიან მოეწონებათ ბიჩერ-სტოუს “ბიძია თომას ქოხი”, ბიჭებსაც ასევე. 🙂
ო’ჰენრის ნოველებსაც სიამოვნებით წაიკითხავს პატარა მკითხველი მას შემდეგ, რაც მარკ ტვენს, სტივესონს, ლინდგრენს და სხვა ზემოთ ჩამოთვლილ მწერლების ნაწარმოებებს გაეცნობა.
11-12 წლის ბავშვები უკვე უფრო სერიოზული ნაწარმოებებისათვის არიან მზად – შარლოტა ბრონტეს “ჯეინ ეირი”, მარგარეტ მიტჩელის “ქარწაღებულები”, ერიხ მარია რემარკის “სამი მეგობარი”, “ტრიუმფალური თაღი”, სელინჯერის “თამაში ჭვავის ყანაში კლდის პირას”, არტურ კონან დოილის “შერლოკ ჰოლმსის თავგადასავალი”, დრაიზერის “ჯეინ გერდჰარტი”, დიკენსის “დავით კოპერფილდი”, რაიდერ ჰაგარდის “მონტესუმას ასული” და “სოლომონ მეფის თავგადასავალი” შექსპირის კომედიები და მრავალი სხვა.
ქართველი მწერლებიდან პატარა მკითხველს ვაჟა ფშაველას “შვლის ნუკრის ნაამბობს” და სხვა მოთხრობებს, აკაკი წერეთლის “ჩემს თავგადასავალს” და სხვა მოთხრობებს, ილია ჭავჭავაძის “გლახის ნაამბობს”, მიხეილ ჯავახიშვილის “არსენა მარაბდელს”, ნიკო ლომოურის მოთხრობებს ვურჩევდი.
განსაკუთრებით ორ მწერალს გამოვყოფდი – ნოდარ დუმბაძესა და არჩილ სულაკაურს. სულაკაური უშუალოდ ბავშვებისათვის წერდა, და საოცრად ხალასად გადაჰყავს ბავშვები ზღაპრულ სამყაროში. მისი ნაწარმოებები ბედნიერი დასასრულით მთავრდება – სწორედ ესაა მნიშვნელოვანი ბავშვისათვის. სულაკაურის “ცისფერი ირემი”, “ასფურცელა” და “სალამურას თავგადასავალი ძალიან მოეწონებათ პატარა მკითხველებს.
ნოდარ დუმბაძე კი ჩემი აზრით მსოფლიოში ყველაზე კეთილი მწერალია – თითოეული ნაწარმოების ყოველი გვერდიდან საოცარი სითბო და სიკეთე მოედინება. ალბათ ოქროს გული ჰქონდა. პატარა მკითხველებს მოეწონებათ “მე ვხედავ მზეს”, “მე ბებიკო, ილიკო და ილარიონი”, “ნუ გეშინია დედა”.
გახსოვდეთ – ბავშვის უყვარს ტკბილეული და ბედნიერი დასასრული. ნუ გაუტეხავთ გულს, მას უნდა სჯეროდეს ზღაპრების და კეთილი დასასრულების.

Saturday, 10 November 2018


დამხმარე მასალა

 ამ საიტზე თქვენ შეგიძლიოთ მოიძიოთ ინფორმაციები და საინტერესო მასალები 1-4 კლასის ჩათვლით. ასევე მოცემულია ბევრი საინტერესო ვიქტორინა  და კლასგარეშე გაკვეთილების გეგმები და პრეზენტაციები
http://viki.rdf.ru/-ესტუმრეთ  ამ  საიტს.