სასწავლო რესურსები
მასწავლებელი მეთოდურად კარგად დაგეგმილი გაკვეთილითა და დამუშავებული სასწავლო მასალით მოსწავლეებს შესასწავლი საკითხების გააზრებაში ეხმარება. გაკვეთილის დაგეგმვას ის ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტით - შესასწავლი მასალის მეთოდური დამუშავებით - იწყებს.
მასწავლებლის მიერ საგანმანათლებლო რესურსის დამუშავებისას ან შექმნისას გათვალისწინებულ უნდა იქნეს, რა ემოციურ განწყობას უქმნის ესა თუ ის რესურსი მოსწავლეს, განაწყობს თუ არა პოზიტიურად. ეს კი იმ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი, თუ რესურსის გამოყენება საშუალებას მისცემს მოსწავლეს, კომფორტულად იგრძნოს თავი და ჰქონდეს რწმენა, რომ შეძლებს სწავლას. ამის მისაღწევად აუცილებელია, სასწავლო რესურსი აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
1. არ მოახდინოს მოსწავლეზე ზეწოლა, არ დაძაბოს და შეაშინოს იგი. 2. მისმა გამოყენებამ ხელი უნდა შეუწყოს მოსწავლის თვითრწმენისა და თავდაჯერების განვითარებას, ამიტომ მისი გამოყენებით მიმდინარე აქტივობები უნდა იყოს საინტერესოდ გამომწვევი და დაძლევადი. 3. რესურსი უნდა იძლეოდეს უკუგებას სწავლის პროგრესის შესახებ, ეხმარებოდეს მოსწავლეებს საკუთარი თავის შეფასებაში და უბიძგებდეს მათ, იკისრონ პასუხისმგებლობა თავიანთ სწავლასა და პროგრესზე. 4. რესურსის გამოყენების მეთოდიკა უნდა ითვალისწინებდეს იმას, რომ სწავლის პროცესი, ისევე როგორც ზრდისა, თანდათანობითია და არა უეცარი და მომენტალური.
No comments:
Post a Comment